top of page

პრეზიდენტის მიმართვა

Mikheil Tsverava.jpg

ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით და გილოცავთ საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის დაარსებას!


ბოლო 50 წელი ხასიათდება მედიცინის მნიშველოვანი, ნახტომისებრი  განვითარებით, რაც დაკავშირებულია ბიოლოგიის ფიზიკის და ფუნდამენტური მეცნიერების სხვა დარგებში მომხდარ აღმოჩენებთან და მათ დანერგვასთან მედიცინაში. შეიქმნა და დაინერგა ინსტრუმენტული და ლაბოლატორული დიაგნოსტიკის, მედიკამენტური და არამედიკამენტური მკურნალობის ახალი, მაღალეფექტური მეთოდები. ყოველდღიურ პრაქტიკაში მყარად მოიკიდა ფეხი

ინვაზიური დიაგნისტიკისა და მკურნალობის მეთოდმა, კლინიკური ფარმაკოლოგია, ბიოსტატისტიკა და მტიცებულებითი მედიცინა ჩვენი ყოველდღიური პროფესიული  მოღვაწეობის აუცილებელ შემადგენლად იქცა. ამ დროის განმავლობაში შინაგან მედიცინას, თერაპიას, რომელიც სამკურნალო მეცნიერების ფუნდამენტური დარგია და მრავალ საუკუნებრივ ისტორიას ითვლის, გამოეყო კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია და აშ. ეს მიმართულებები წარმატებით ვითარდებიან მთელს მსოფლიოში. ამგვარი ვიწრო სპეციალიზაცია უდავოდ მნიშვნელოვანია მედიცინის, როგორც მეცნიერების დარგის შემდგომი პროგრესისათვის. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაავადებათა მართვის ახალი მიდგომების შემუშავებაში, რამაც თავის მხრივ დადებითი გავლენა იქონია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მისი სიცოცხლის გახანგძლივებაში.

ამავე დროს, ვიწრო სპეციალიზაციის ფონზე, აშკარად გამოიკვეთა ინტეგრალური მიდგომის აუცილებლობა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სპეციალობისა თუ სუბსპეციალობის სპეციფიკის კარგ ცოდნას,  რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ამ მიზეზებს შორის განსაკთებით მნიშვნელოვანია:

 

  • პოლიმორბიდულობა, ანუ მდგომარობა, როდესაც ერთსა და იმავე პაციენტს რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს, რომლებიც აზიანებენ რა ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ პაციენტის სტატუსზე, ავადმყოფობის მიმდინარეობასა და მის პროგნოზზე.

  • პოლიპრაგმაზია, ანუ მდგომარეობა, როდესაც ავადმყოფს ენიშნება რამდენიმე  მათ შორის კონკრეტული გზამკვლევით რეკომენდირებული მედიკამნტი, რომლებიც არც თუ იშვიათად ერთმანეთთან ფარმაკოლოგიურ წინააღმდეგობაშია. პოლიპრაგმაზია ჩვეულებრივ პოლიმორბიდულობასთან არის არის პირდაპირ კავშირში. აქ უკვე აუცილებელი ხდება გარდა კონკრეტული სპეციალობის გაიდლეინების ფლობისა, კლინიკური ფარმაკოლოგიის და კონკრეტული დაავადების მართვის საფუძვლების კარგი ცოდნა პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

  • დაავადებათა დიფერენციული დიაგნოსტიკა, რომელიც წარმოუდგენელია მომიჯნავე, და არა მარტო მომიჯნავე მედიცინის მიმართულების ღრმა ცოდნის გარეშე.

  • ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღწერილია ახალი დაავადებები (მაგ იმუნოგლობულინ G4- დამოკიდებული დაავადება) ან მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაღრმავდა ადრე აღწერილი დაავდებების შესახებ ინფორმაცია (მაგ. ცელიაკია და გლუტენ დამოკიდებული დაავადება). ამ ავადმყოფობათა კლინიკა ჩვეულებრივ სცილდება კონკრეტული სპეციალობის ფარგლებს, რაც აუცილებელს ხდის პაციენტის მართვის პროცესში ინტეგრალურ მიდგომას და რამდენიმე სპეციალობის საკმარისად ღრმა  (ორივე შემთხვევაში იმუნოლოგიის, ალერგოლოგიის გასტროენტეროლოგიის, ჰემატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, დერმატოლოგიის და ა.შ ) ცოდნას.

 

ამ პრობლემების გადაწყვეტის ორი გზა არსებობს: პირველი გუნდური მუშაობის პრინციპი, რომელიც სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს, და მეორე - ფართე ცოდნის მქონე ექიმის არსებობა, რომელიც რამდენიმე სუბსპეციალობას ფლობს, რაც კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალური მართვის საშუალებას და პრობლემაზე ეთიანი წარმოდგენის შექმნას უწყობს ხელს. თუმცა ამგვარი სპეციალისტი აუცილებელია გუნდური მუშაობის პირობებშიაც.

 

და ბოლოს, დიაგნოსიკის ახალი მეთოდების შემოტანამ არა მარტო გააფართვა ექიმის არსენალი და გაზარდა დიაგნოსტიკის შესაძლებლობები, არამედ ის ახალი გამოწვევების წინაშეც დააყენა. მაგალითისათვის ელექტროკარდიოგრაფიის ფლობა აუცილებელი ხდება ყველა თერაპიული სპეციალობის ექიმისათვის. იგივე ეხება სონოგრაფიასაც, რომელიც პაციენტის საწოლთან კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად იქცა.

 

შინაგანი მედიცინა თავისთვად გულისხმობს ამგვარი, ინტეგრალური ცოდნის ექიმის მომზადებას და სწორედ ამით არის განპირობებული ამ სპეციალობის ექიმებზე გაზრდილი მოთხოვნა მთელ მსოფლიოში.

საქართველო ცნობილი იყო თავისი თერაპიული, შინაგანი მედიცინის სკოლით. მისმა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ალ. ალადაშვილმა, შ. მიქელაძემ, გ. დიდებულიძემ, ნ. ყიფშიძემ, ს.ვირსალაძემ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ქართული ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტისა და შემდგომში საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში.

 

ჩვენი ასოციაციის მიზანია შინაგანი მედიცინის შემდგომი პოპულარიზაცია, დარგში უწყვეტი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა საქართველოში, პროფესიაში არსებული სასწავლო პროგრამების სრულყოფა და ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, შინაგან მედიცინაში არსებული მიღწევებისა და სიახლეების ექიმებისათვის გაცნობა და შეძლებისამებრ მათი დანერგვა, შინაგანი მედიცინის სპეციალობით არსებული საერთაშორისო რეკომენდაციებისა და გზამკვლევების (გაიდლაინების) გაცნობა ექიმებისათვის, შინაგანი მედიცინის სპეციალობის კომპეტენციების შემუშავება და მათი დამტკიცება, კავშირის დამყარება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან თანამშრომლობა.

 

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცით ახალი სამედიცინო გაერთიანების შექმნა და წარმატება ვუსურვო საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიას თავის მუშაობაში.

პროფ. მიხეილ წვერავა MD.PhD.

პრეზიდენტი

bottom of page