top of page
About Us

ჩვენს შესახებ

Mikheil Tsverava.jpg

პროფ. მიხეილ წვერავა MD.PhD.

Kakhaber%20Chelidze_edited.jpg

პროფ. კახაბერ ჭელიძე MD.PhD.

ძვირფასო კოლეგებო,

კალეიდოსკოპური სიჩქარით ცვლად გარემოსთან და გამოწვევებთან ადაპტაციის  პროცესმა, ახალი სამედიცინო სპეციალობების ჩამოყალიბების აუცილებლობა წარმოშვა. მიმდინარე პროცესები შექუცევადია და მომავალში, ალბათ, უფრო დრამატულ ხასიათს მიიღებს.

მედიცინის "დაქუცმაცების" პერმანენტულ პროცესს თან ახლავს ადამიანის, როგორც ერთიანი, 

ინტეგრალური ორგანიზმის ხედვის გაქრობა. ჯანმრთელობის ძირეული პრობლემების განხილვა ჰოლისტიკური მიდგომის გარეშე ყოველთვის წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამდენად, შინაგანი მედიცინის, როგორც ფუნდამენტური დარგის მნიშვნელობა და მისი სპეციალისტების როლი მიმდინარე პროცესებში განუზომლად დიდია. 

ჩვენი გაერთიანების მიზანი, შინაგანი მედიცინის ქართველი სპეციალისტების ცოდნის და უნიკალური გამოცდილების თანამედროვე ტენდენციებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფაა, ცვლად გარემოზე ორიენტირებული ფართო კომპეტენციების ბაზის ჩამოყალიბების, კომპეტენციაზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის ხელშეწყობის და ადვოკატირების გზით.

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიაში თქვენი გაერთიანება ერთობლივი წარმატების და ღირსეული მომავლის საწინდარია!

პროფ. მიხეილ წვერავა, პრეზიდენტი

პროფ. კახაბერ ჭელიძე, გენერალური მდივანი

Image by Hush Naidoo
Good to know
გულის მსოფლიო დღე

პროექტები და ღონისძიებები

სტეროიდების
რაციონალური გამოყენების კლინიკური ასპექტები

გლუკოკორტიკოიდები თანამედროვე მედიცინის ე.წ. საყრდენ ფარმაკოთერაპიულ საშუალებებს მიეკუთვნებიან, მძლავრი ეფექტისა და უნივერსალური გამოყენების შესაძლებლობით. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია გთავაზობთ ლუკოკორტიკოიდების რაციონალური გამოყენების კლინიკურ ასპექტებს და კალულატორს, სადაც გაერთიანებულია გლუკოკორტიკოიდების დოზების კონვერსიის გამომთვლელი და წამალთა ურთიერთქმედების  დისკლაიმერი. 

GBMN-ის ახალი გამოცემა

გამოვიდა საქართველოს ბიოსამედიცინო სიახლეების 2024 წლის ახალი გამოცემა, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ჯანმრთელობის დღეს. ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შემდეგი ბმულით: www.gbmn.org

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების რაციონალური კლინიკური გამოყენება 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ფართოდ გამოიყენება ასოცირებულია გასტროინტესტინური, კარდიოვასკულური და ნეფროტოქსიკურობის რისკის ზრდასთან. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია წარმოგიდგენთ არასტეროიდული საშუალებების რაციონალური კლინიკური გამოყენების პლათფორმას, რომელშიც ინტეგრირებულია გასტროინტესტინური და კარდიოვასკულური რისკის კალკულატორები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ელექტრონული პლათფორმა ხელს შეუწყობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების უსაფრთხო გამოყენებას. ელექტრონული პლათფორმის ჩამოწერა შეგიძლია ამ ბმულიდან

პაციენტის კარდიოვასკულური შეფასება, არაკარდიული ქირურგიული ჩარევის წინ

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია წარმოგიდგენთ არაკარდიული ქირურგიული ჩარევის წინ პაციენტის კარდიოვასკულური შეფასების ელექტრონულ კალკულატორს, რომელიც შეიქმნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2022 ESC Guidelines on cardiovascular assessment and management of patients undergoing non-cardiac surgery: Developed by the task force for cardiovascular assessment and management of patients undergoing non-cardiac surgery of the European Society of Cardiology (ESC) Endorsed by the European Society of Anaesthesiology and Intensive Care (ESAIC) გაიდლაინის მიხედვით. ელექტრონული კალკულატორის ჩამოწერა შეგიძლია ამ ბმულიდან

ინფექციური ენდოკარდიტის მართვის ქართულენოვანი ადაპტირებული პლათფორმა

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია აგრძელებს კლინიკური გაიდლაინების და რეკომენდაციების თარგმნას და ადაპტირებას, იოლად გამოსაყენებელი და დროის დამზოგველი, ქართულენოვანი პლათფორმების სახით. წარმოგიდგენთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების კომიტეტის მიერ შემუშავებულ გაიდლაინს ინფექციური ენდოკარდიტის მართვის თაობაზე. მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტიც, რომ ქართულენოვანი ადაპტირების ავტორი გახლავთ ჩვენი კოლეგიის იუნიორთა სექციის აქტიური წევრი ლევან ჭელიძე. ვფიქრობთ, რომ წინამდებარე პროდუქტი, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული ბმულიდან, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს. ჩამოტვირთეთ

კარდიოვასკულური რისკის ახალი კალულატორი პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ, თავისი არსებობის მანძილზე, წელს პირველად გამოაქვეყნა ახალი გაიდლაინი 2023 ESC Guideline for the management of cardiovascular disease in patients with diabetes, რომელიც ეძღვნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კარდიოვასკულური დაავადებების მართვის თანამედროვე ასპექტებს. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით და ფარმაცევტული ფირმა KRKA-ს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, 2023 წლის 14 და 28 ოქტომბერს გაიმართება ორი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება დიაბეტის და კარდიოვასკულური კომორბიდობის კლინიკური მართვის ასპექტებს.  საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია გთავაზობთ აღნიშნულ გაიდლაინში წარმოდგენილ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 10-წლიანი რისკის SOCRE2-Diabetes კალკულატორის ქართულ ელექტრონულ ვერსიას, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ ამ ბმულიდან.

მჟავასუპრესიული თერაპიის თანამედროვე ასპექტები

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის და ფარმაცევტული კოპანია Gedeon Richter-ის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ იქნა მჟავასუპრესიული თერაპიის თანამედროვე პრაქტიკული რეკომენდაციების შემცველი ბროშურა, რომელიც მიზნად ისახავს პირველად ჯანდაცვაში შესაბამისი ცოდნის და შეხედულებების კულტივაციას.

ზრდასრულთა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ანტიბიოტიკოთერაპია

ჩვენი კოლეგიის მიერ ინიცირებული "დიგიტალური მედიცინის" პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა ზრდასრულთა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ანტიმიკრობული თერაპიის ელექტრონული გაიდლაინი, რომელიც ეფუძნება UpToDate-ის  უახლეს მონაცემებს. 

აღნიშნულ გაიდლაინში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ზრდასრულთა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მართვის პრაქტიკული რეკომენდაციები. 

ნუტრიციოლოგიის ლაბირინთები

2023 წლის 24-25 ივნისს "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა ამეირკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესი "სამედიცინო სიახლეები", რომლის მეორე დღე გაიხსნა მოხსენებით "ნუტრიციოლოგიის ლაბირინთები", საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივნის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის #1 დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის და ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოკრინოლოგების თამარ ზერეკიძის, ნათია ჩხეიძის, ნინო ჯიქურაულის და ვაჟა ვაჭარაძის მონაწილეობით. კონგრესის დასკვნით ეტაპზე შედგა წარმატებულ ექიმთა დაჯილდოების ცერემონია, რომელზედაც პროფესორი კახაბერ ჭელიძეს მიენიჭა "საუკუნის ექიმის" ტიტული და გადაეცა ჯილდო.

რენოვასკულური ჰიპერტენზია, თირკმლის იშემიური დაავადება

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მიეძღვნა რენოვასკულური ჰიპერტენზიის/თირკმლის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკის და მართვის აქტუალურ საკითხებს. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის გამგის, პროფესორ მიხეილ წვერავას ლექციაზე დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული პრობლემის კლინიკური ასპექტები.

ბრენდი vs გენერიკი

2023 წელი ნაყოფიერად დაიწყო ფრანგული ფარმაცევტული ფირმის "SERVIER" მიერ ორგანიზებული პროექტის "შეიგრძენი განსხვავება" განხორციელებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მსახიობმა და შოუმენმა დუტა სხირტლაძემ და საქრთველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურმა მდივანმა, პროფ. კახაბერ ჭელიძემ. პროექტის მიზანი არის ბრენდულ და გენერიულ მედიკამენტებთან ასოცირებული საკითხების ობიექტური გაშუქება. დამსახურებული პოპულარობის გამო, დაგეგმილია პროექტის განხორციელება რეგიონებშიც.  

ახალი ბიოსამედიცინო ჟურნალი

2023 წლის იანვარში გაიმართა ახალი ბიოსამედიცინო ჟურნალის "GEORGIAN BIOMEDICAL NEWS" ონლაინ პლათფორმის პრეზენტაცია. ჟურნალი დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და რამდენიმე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ერთობლივი ძალისხმევით. ჟურნალის რედაქციას სათავეში უდგას თსსუ შინაგანი მედიცინის #1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივანი, პროფ. კახაბერ ჭელიძე.

ერთობლივი შემაჯამებელი კონფერენცია

2022 წლის 28 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დისლიპიდემიის მართვის აქტუალურ საკითხებს, რაზეც ისაუბრეს ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფ. ზურაბ ფაღავამ, ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ კლიმიაშვილმა და ასოციაციის დამფუძნებელმა, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურმა მდივანმა, პროფ. კახაბერ ჭელიძემ. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ქართული ფარმაცევტული ბაზრის თვალსაჩინო ფიგურანტები.

თაობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგი

ფარმაციის და სამედიცინო მეცნიერებების საერთაშორისო კვლევითი ჟურნალის (International Research Journal of Pharmacy and Medical Sciences (IRJPMS)-ISSN (Online): 2581-3277) სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის იუნიორთა სექციის წევრების, ანზორ გოგიბერიძის, ლევან ჭელიძის, იზი მგელაძის ავტორობით და პროფ. კახაბერ ჭელიძის თანაავტორობით შესრულებული პუბლიკაცია, რომელიც ეხება ზრდასრულთა ასაკში ინიცირებული სტილის დაავადების დიაგნოსტიკის და წარმატებული მართვის იშვიათ კლინიკურ შემთხვევას.  

გულის მსოფლიო დღე 2022 - პირველი ღონისძიება

2022 წლის 10 სექტემბერს, კომპლექსში "კასტელო მარე" გაიმართა "გულის საერთაშორისო დღე-2022"-ისადმი მიძღვნილი პირველი წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტმა, პროფ. მერაბ მამაცაშვილმა, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტმა მიხეილ წვერავამ, კოლეგიის გენერალურმა მდივანმა პროფ. კახაბერ ჭელიძემ და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა პროფ. არჩილ ჩუხრუკიძემ. კონფერენცია გაიმართა ფარმაცევტული კომპანია KRKA-ს ქართული ოფისის მხარდაჭერით და პატრონაჟით.

პოსტ COVID-19-ის მართვის სინოფსისი

2022 წლის 8-9 აპრილს გაიმართა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის და ფარმაცევტული კომპანიის "ვიორვაგ ფარმა" საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში ინიცირებული კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია დასავლეთ საქართველოში. ქუთაისის და ზუგდიდის საექიმო საზოგადოებასთან განხილულ იქნა პოსტ-COVID-19-ის მართვის (მომხსენებლები: პროფ. მიხეილ წვერავა და პროფ. კახაბერ ჭელიძე) მტკიცებითი პრინციპები.

EHRA 2021 გაიდლაინის დიგიტალური ვერსია ქართულ ენაზე

მუდმივად ცვლადი პროფესიული ინფორმაციის წნეხი აუტანელი ტვირთი და მძიმე გამოწვევაა პრაქტიკოსი ექიმებისთვის; გამოწვევა, რომელზედაც ადეკვატური რეაგირებისთვის არც დრო გვყოფნის და არც ფიზიკური რესურსები. ასეთ პირობებში კატასტროფულად იზრდება საექიმო შეცდომების რისკი, რომლის მინიმიზაციისთვისაც აუცილებელია დიდი მოცულობის ინფორმაციის ტრანსფორმაცია კომპაქტურ, ადვილად ოპერირებად, მზა პასუხების შემცველ ელექტრონულ ალგორითმებად. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია იწყებს ქართული დიგიტალური მედიცინის პროექტს, რომლის პირველი პროდუქტი გახლავთ ევროპის გულის რითმის ასოციაციის 2021 წლის გაიდლაინი "წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში არა ვიტამინ K ანტაგონისტი ორალური ანტიკოაგულანტების გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელო". Excel-ის ფორმატის ელექტრონული გაიდლაინის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მითითებული ბმულიდან.

გახანგრძლივებული COVID-19-ის ტვირთი

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის და ფარმაცევტული კომპანიის "ვიორვაგ ფარმა" საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იმერეთის და აჭარის საექიმო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა გახანგრძლივებული COVID-19-ის სავარაუდო პათოგენეზის, კლინიკური მანიფესტაციის და მართვის აქტუალური საკითხები, რომელიც წარმოადგინა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.

გულის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის და ფარმაცევტული კომპანია KRKA-ს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში გაიმართა გულის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლინიკური კონფერენციების სერია, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების უახლესი, კარდიოვასკულური დაავადებების პრევენციის 2021 წლის გაიდალინი. გთავაზობთ საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის მიერ, აღნიშნული გზამკვლევის საფუძველზე მომზადებულ, დისლიპიდემიის მართვის ახალ რეკომენდაციებს ქართულ ენაზე.

პოდაგრის და ტკივილის IV საერთაშორისო აკადემია

2021 წლის 9 ოქტომბერს BERLIN-CHEMIE ONLINE ACADEMY-ს პროგრამის ფარგლებში გაიმართა BERLIN-CHEMIE MENARINI-ს ქართული ოფისის მიერ ორგანიზებული ტკივილის და პოდაგრის IV საერთაშორისო ვებინარი, რომელზედაც განხილულ იქნა პოდაგრის კლინიკური მართვის თანამედროვე საკითხები. ტკივილის მართვაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების როლზე ისაუბრა ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორმა, ნევროლოგმა გიორგი გეგელაშვილმა (საქართველო). პოსტოპერაციული ტკივილის მართვის აქტუალურ საკითხები მიმოიხილა ანესთეზიოლოგიის და ტკივილის მედიცინის პროფესორმა, ჯუსტინო ვარასიმ (იტალია). პოდაგრის მართვის სინოფსისი წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივნის, კახაბერ ჭელიძის (საქართველო) მოხსენების თემას. ვებინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ოსტეოართრიტის მართვის საკითხებს, რომელიც მიმოიხილა პროფესორმა სტეფანო კოაჩიოლიმ (იტალია).

მითები და ფაქტები COVID-19-ის თაობაზე

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N1 დეპრტამენტის ხელმძღვანელის, საქართელოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივნის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის საჯარო ლექცია COVID-პანდემიის და ვაქცინაციის აქტუალურ საკითხებზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ ლექციის სრულ ჩანაწერს.  

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია XPEER  პლათფორმაზე

უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო ონლაინ პლათფორმაზე XPEER შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივნის, პროფ. კახაბერ ჭელიძის CME აკრედიტაციის მქონე ვიდეო ლექცია "ათეროსკლეროზი - კარდიო-ენტერალური დაავადება?" თქვენს მობილურ ტელეფონზე Play Store-დან ან Apple Store-დან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Xpeer MedEd. პლათფორმაზე შესვლისთვის ისარგებლეთ შესაბამისი ინსტრუქციით, სადაც დეტალურადაა აღწერილი რეგისტრაციის ეტაპები. ვიდეო კურსის დასრულების შემდგომ მოგენიჭებათ ერთი CME კრედიტ-ქულა. პროექტი განხორციელდა ფრანგული ფარმაცევტული კომპანია SERVIER საქართველოს ოფისის სპონსორობით.

კოლეგიის ნამდვილი წევრის პროფესიული წარმატება

ევროპის ენდოკრინოლოგთა 23-ე კონგრესზე დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის ნამდვილი წევრის, ექიმ-ენდოკრინოლოგის ლია ჯაშისა და თანაავტორების მიერ შერულებულმა კვლევამ "აჭარის რეგიონში, COVID-19 პანდემიის პირობებში, სოციალური იზოლაციის და კარანტინის ზეგავლენა შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობასა და გართულებებზე."  ქართველ ექიმთა ნაშრომის აქტუალობაზე მიუთითებს მისი ასახვა ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული კონგრესის პრეს-რელიზში.

კლინიკური კონფერენცია "ბიოლში"

2021 წლის 26 ივნისს, "ბიოლი-ჰოლში" (სამედიცინო ველნეს-კურორტი "ბიოლი, კოჯორი, თბილისი) გაიმართა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის კლინიკური კონფერენცია, რომელზედაც განხილულ იქნა COVID-19-ის ამბულატორიული (პროფ. კახაბერ ჭელიძე) და ნევროლოგიური გამოვლინებების/გართულებების (პროფ. მარინა ჯანელიძე) მართვის საკითხები. კონფერენცია გაიმართა ფარმაცევტული კომპანიის "ვიორვაგ ფარმა" საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და მონაწილეობით (გალერეა).

COVID-19-ის გლობალური ტვირთი

2021 წლის 24 მაისს, BERLIN-CHEMIE/MENARINI-ის ორგანიზებით გაიმართა მოლდოვა-საქართველოს ერთობლივი ვებინარი "COVID-19-ის გლობალური ტვირთი", სადაც განხილულ იქნა COVID-19-ის ამბულატორიული (პროფესორი კახაბერ ჭელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგია) და პოსტვაქცინაციური სიმპტომების მართვის (ასოცირებული პროფესორი ალექსანდრუ ბარდინი, ნიკოლაე ტესტემიტანუს მედიცინის და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიშინიოვი, მოლდოვა) კლინიკური ასპექტები.

ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი

2021 წლის 20 მაისს გაიმართა ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ წარმოადგინა პირველადი ჯანდაცვის რგოლში ფიფ-ის დროული იდენტიფიკაციის პრაქტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი მოხსენება. დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი "დიაკორის" პულმონოლოგმა, ელენე შეროზიამ დეტალურად მიმოიხილა ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის კლინიკური მართვის ასპექტები. მითითებული ბმულით შეგიძლიათ გადმოიწეროთ ფილტვების იდიოპათიური ფიბროზით განპირობებული სიკვდილობის პრედიქციის Du Bois და GAP ქართულენოვანი კალკულატორები.

დისლიპიდემიის მართვის სინოფსისი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით, ქართულ პოპულაციაში ჰიპერქოლესტეროლემიის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 38.5%-ს შეადგენს, რაც ჩვენს ქვეყანაში ათეროსკლეროზული კარდიო-ვასკულური დაავადების მაღალ პრევალირებას განაპირობებს. ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დრამატული პრევენციული ეფექტის გათვალისწინებით (LDL-C-ის 10%-იანი რედუქციის ეფექტი 5 წლის განმავლობაში: მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის კომპოზიტური მაჩვენებლის 20% და 50%-იანი შემცირება, შესაბამისად, 70 და 40 წლის ასაკობრივ პოპულაციებში) ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ინიციაცია. 

დისლიპიდემიის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მიეძღვნა საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის და ფარმაცევტული კომპანია KRKA-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 19 თებერვალს გამართული ონლაინ კონფერენცია, სადაც კოლეგიის პრეზიდენტის, პროფესორ მიხეილ წვერავასა და გენერალური მდივნის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის მიერ გაშუქებულ იქნა ჰიპერლიპიდემიის მართვის პრაქტიკული ასპექტები.

წარმოგიდგენთ ამერიკის გულის ასოციაციის, ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის და მულტისაზოგადოებრივი გაიდლაინის (2018) და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების დისლიპიდემიის მართვის გაიდლაინის (2019) ძირითად რეკომენდაციებს. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი სინოფსისი, რომელიც ლაკონურად ასახავს დისლიპიდემიის მართვის საერთო, კონცეპტუალურ ხედვებს და განსხვავებულ ტრანსატლანტიკურ მიდგომებს, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ექიმებს დისლიპიდემიის ეფექტურ მართვაში.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი კოლეგიის უპირველეს ამოცანად მივიჩნიეთ შინაგანი მედიცინის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, ფართო სპექტრის პროფესიული, დარგობრივი კომპეტენციების ნუსხის შემუშავება და თქვენს სამსჯავროზე გამოტანა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები, რომელთა მოწოდება შეგიძლიათ კონტაქტშ მითითებული გზებით. განხილვის დასრულების შემდგომი ნაბიჯი არის აღნიშნული კომპეტენციების სახელმწიფოს მიერ აღიარების პროცედურის ინიციაცია.

COVID-19-ის მართვის MATH+ და I-MASK+ პროტოკოლები

2020 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს შინგანი მედიცინის კოლეგიის და ფარმაცევტულ კომპანია „ვიორვაგ ფარმას“ ტრადიციული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, გაიმართა  კიდევ ერთი ონლაინ-კონფერენცია, რომელზედაც კოლეგიის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ, თავის მოხსენებაში, "რამდენიმე პასაჟი "ძველის" შესახებ, ახლის ძიებაში", განიხილა COVID-19-ის მართვის MATH+ და I-MASK+ პროტოკოლები.  აქტუალური კლინიკური საკითხებზე საუბარი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მაღალი ინტერესის ატმოსფეროში წარიმართა. 

Testimonials

სასარგებლო ინფორმაცია

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს "დიგიტალური მედიცინის" პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კომპლექსური, მტკიცებაზე დაფუძნებული ელექტრონული ალგორიტმების შექმნას. ჩვენ ვეცდებით გავითვალისწინოთ ჩვენი კოლეგების ფართო ინტერესი და მოვიცვათ შინაგანი მედიცინის სხვადასხვა მიმართულება. სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს წინადადებებს და შენიშვნებს! 

COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კლინიკური სურათის დინამიკის დროული შეფასება და მოსალოდნელი გართულებების პრედიქცია, ადეკვატური თერაპიული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. გთავაზობთ COVID-19  კალკულატორების ქართულენოვან ვერსიებს, SARS-CoV-2 ინფიცირებული პაციენტების მართვის ოპტიმიზაციისთვის. 

Contact Us
bottom of page